ქეთევან დიდმანიძე, პროფესიით ინჟინერი, სისტემური ტექნიკოსი. ამჟამად მუშაობს ერთ-ერთ მობილური ოპერატორის ცხელ ხაზზე. – ,,სამი წლის წინ მე და ჩემი მეგობარი გაგა მუმლაძე ვიყავით თუშეთში, სეირნობის დროს გაგვიჩნდა იდეა, ხომ არ დავკავებულიყავით სოფლის მეურნეობით, უამრავი იდეა განვიხილეთ და ბოლოს შევჯერდით, რომ პირველ ეტაპზე მოვიყვანდით კარტოფილს.
უკან დაბრუნებულმა მალევე შევიძინე მიწის ნაკვეთი სოფელ აწყურში და შევუდექით საშემოდგომო სამუშაოებს, მოვხანით, ვიშოვეთ კარტოფილის თესლი. ამასობაში აღმოჩნდა, რომ იქვე ახლოს იყიდებოდა სახლი და ისიც შევიძინე.
მეურნეობის პარალელურად გადავწყვიტეთ ტურიზმის მიმართულებაც გაგვენვითარებინა, ამჟამად ვარემონტებ სახლს, სადაც გაკეთდება საოჯახო სასტუმრო. დაწყებული გვაქვს აგრო ტურების მოწყობა, გვსტუმრობენ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორები. გვეხმარებიან სხვადასხვა კულტურის დამუშავებაში, გვიზიარებენ თავიანთ ცოდნა-გამოცდილებას. უკან წასულები კი უყვებიან თავიანთ ნაცნობებს, შემდეგ წელს კი უფრო მეტი ტურისტი გვსტუმრობს.
კარტოფილით დავიწყეთ, ახლა კი ყველა კულტურა მოგვყავს, რაც შეიძლება სოფლად მოიყვანო, გვყავს ფუტკარი- უკვე 15 ძირი. თვითონ ვსწავლობ მეფუტკრეობას კაჭრეთში, კოლეჯ აისში.
ვთვლი, რომ ვვითარდებით, ცნობადობაც გაგვეზარდა, ჩვენს ბრენდს დავარქვით ,,ბარბალე“- ძველი ქართული ნაყოფიერების ქალღმერთის სახელი, ჩვენ ლოგოდ კი შევარჩიეთ გოგრა – რომელიც ბარაქის ნიშანია.
გაყიდვებში პრობლემა არ გვქონია მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი გაცილებით ძვირია. ჩვენი პირველი მომხმარებლები იყვნენ მეგობრები, შემდეგ ვიზიტორები, რომლებიც გვეხმარებოდნენ სხვადასხვა აგრო-კულტურულ ღონისძიებებში, გაყიდვებში ასევე გვეხმარება ფეისბუქ გვერდი, სადაც პერიოდულად ვახდენთ ჩვენი პროდუქციის შეთავაზებას.
ბიო მეურნეობის დაწყების მსურველებს ვურჩევ, არ დაუჯერონ ადამიანებს, ვინც ეტყვით, რომ არ ღირს ცდად, მაინც არაფერი გამოვა, ჩვენც ასე ვიყავით, გვეუბნებოდნენ – არაფერი გამოგივათ, ტყუილად წვალობთ, ვის გაუგია უსასუქოდ მოსავლის მოყვანა, ახლა, როცა დაინახეს, რომ თურმე სასარგებლო და მომგებიან საქმეს ვაკეთებთ, უკვე თვითონ ცდილობენ გადმოერთონ ბიო მეურნეობაზე.
სასარგებლო საქმიანობა გადამდებია, ასე რომ თუ გაქვთ სურვილი დაიწყოთ ბიო მეურნეობა, ნუღარ დააყოვნებთ, შეასხით ფრთები თქვენს იდეებს და გახდით მისაბაძი გარშემომყოფებისთვის.
გაიხარე ქეთი, ვამაყობ შენით, ძალიან მაგარი ხარ! წარმატებებს და გაძლიერებას გისურვებ, ყოჩაღ!
LikeLike