თეა ქუთათელაძე – ექიმი, სახელმწიფო მართვა-ადმინისტრირების და რომის ბიზნეს სკოლის აგრობიზნესის მაგისტრი, ამ ეტაპზე კი ბიო ფერმერი: ,,ვინაიდან ექიმი გახლავართ და ვუყურებ იმ სავალალო მდგომარეობას, რაც ხდება დღესდღეობით საქართველოში ავადობის და სიკვდილიანობის მხრივ, იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო ვეღარ ახდენს პრევენციას, მითუმეტეს ისეთი მიმართულებით როგორიც ონკოლოგიაა, ხომ არ სჯობს კი არ ვუმკურნალოთ დაავადებას, არამედ მოვახდინოთ მათი პრევენცია ბიოლოგიურად სუფთა საკვების მოხმარებით.
სამი წლის წინ სამი გოგო შევამხანაგდით და საცდელად გორში, ნათესავის ბაღში დავრგეთ სამი სახეობის ჟოლო, საკუთარი ხელით ვატარებდით ყველა საჭირო აგრო-კულტურულ ღონისძიებას, როდესაც საქმე კარგად ავითვისეთ, გადავწყვიტეთ, რომ 7 ჰექტარი მიწა შეგვეძინა მარნეულში და გაგვეკეთებინა კენკრის (ჟოლო და მაყვალი) ბიო მეურნეობა.
პირველი დაბრკოლება იყო ის, რომ ქალები გამოვჩნდით ასპარეზზე, თან მარნეულში შედარებით რთულია, რადგან არსებობს ენის ბარიერი ჩვენსა და მუშა ხელს შორის. თუმცა ამ ეტაპზე ყველა პრობლემა გადავლახეთ გარდა ერთისა – ქვეყანაში დეფიციტია კვალიფიციური აგრონომების, რომლებსაც ექნებათ სათანადო ცოდნა ბიო მიმართულებით და რომელთა რეკომენდაციებიც ბევრად უფრო შედეგიანს გახდიდა ჩვენს მუშაობას.
ჩვენ სამეულს, რომლებსაც საკმაოდ წარმატებული კარიერა გვაქვს თბილისში, მიზნად ისიც გვქონდა, რომ დაგვემსხვრია სტერეოტიპები, რომ ქალი არ/ვერ იქნება კარგი ფერმერი, რომ ქალაქიდან წასულს ადამიანს გაუჭირდება მეურნეობის მოვლა და ასევე გვინდოდა, რომ სამაგალითოებიც გავმხდარიყავით სხვებისთვის და ბევრი აგვყოლოდა. საბედნიეროდ ბევრი ადამიანი აგვყვა, როდესაც წარმატებულ ისტორიას ხედავენ სხვებსაც უნდებათ იგივეს გაკეთება.
ვისაც უნდა ბიომეურნეობის დაწყება და ჯერ ფიქრობს, ვურჩევ დრო არ დაკარგოს და პრაქტიკაში გამოსცადოს თავისი ძალები, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ შხამ-ქიმიკატებით მოჰყავს მოსავალი, რაც შეიძლება მალე გადავიდნენ ბიო წარმოებაზე, რადგან ჩვენი ქვეყნის მცირემიწიანობიდან გამომდინარე მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე გასასვლელად და და იქ ნიშის დასაკავებლად მხოლოდ ბიო პროდუქტს აქვს წარმატების შანსი.