,,ბაკალავრატი იურიდიული განხრით დავამთავრე, ხოლო მაგისტრატურა ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით. ვმუშაობდი სადაზღვეო კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით, ამ პერიოდში დაიწყო აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, სადაც მომიწია ჩართვა. უამრავ ფერმერის საქმიანობას გავეცანი, ნათლად დავინახე ამ სფეროში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. მივხვდი, რომ მხოლოდ პირველადი პროდუქტით მეურნე დიდ სარგებელს ვერ მიიღებს თუ მას წარმოებაც არ მიაყოლა.
სამი წლის წინ გადავწყვიტე ფერმერობა, შევიძინე მიწა, დავიწყე ძველი მესხური ჯიშის ხორბლის ,,წითელი დოლის” მოყვანა, პარალელურად გავაშენე ვენახი და პურის აღების შემდგომ დარჩენილი ბზით ავაშენე ნამჯის სახლი, ვგეგმავ მარნის მშენებლობასაც, რომლისთვისაც ქვევრები უკვე შეძენილი მაქვს. უახლოეს მომავალში გადავალ პურის წარმოებაზე, ხოლო მარნის დასრულების შემდგომ უკვე ღვინის წარმოებასაც დავიწყებ.
ფერმერობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დათესო რაიმე კულტურა და მოიყვანო, აუცილებელია ერკვეოდე დაგეგმარებასა და გაყიდვებში, საჭიროა გქონდეს კვალიფიციური ცოდნა კონკრეტული საქმისა, მეურნე უნდა აწარმოებდეს ხარჯთაღრიცხვას, რათა გამოთვალოს პროდუქტის თვითღირებულება და დაადგინოს გასაყიდი ფასი.
ვისაც სურს ბიომეურნეობაში ჩართვა, საქმის დაწყებამდე ვურჩევ, შეიძინოს აღნიშნული მიმართულებით ცოდნა, რათა შემდგომში წარმატებული და მომგებიანი ბიზნესი ააწყოს.” – ამბობს ფერმერი ნოდარ ლატიბაშვილი.