ბატეთის ტბის მიმდებარე ტყეებში მიმდინარეობს ტყის ინტენსიური ჭრა, გაყავთ ახალი გზები ტყის მიუდგომელ მასივებამდე, რაც კიდევ უფრო აზიანებს გარემოს. არის კერები სადაც პირწმინდად მიმდინარეობს ჭრა, ასევე ხეები იჭრება ხევებში და 35%-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე, ტყის ჭრის შესაბამისად არ ხდება ნარჩენი ტოტის გატანა. მოსაჭრელად მონიშნული ხეების უმეტესობა არის ჯანსაღი მერქნის მქონე. თის მასივები შედგება ადვილად შლადი დანალექი ქანებისგან და სამაგრი ხის ფესვების გარეშე გარდაუვალია წყალმოვარდნების, მეწყერების გახშირება და რაც ყველაზე საშიშია – გაიზრდება ღვარცოფების ფორმირების რისკი. ღვარცოფი დიდი რისკის მატარებელია ვიწრო ხეობაში განთავსებული ეკლესია – მონასტრებისთვის და ძამის ხეობის სოფლებისთვის.
ბატეთის ტბა მეწყრული წარმოშობის ტბაა, ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედისჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთისწყლის ხეობაში (მდინარე ძამის აუზი). ზღვის დონიდან 1313 მ. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 5 კმ², უდიდესი სიღრმე 12 მ. მეწყერი რომელმაც ტბა წარმოშვა, სამხრეთიდანაა ჩამოწოლილი. ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული. ტბის სამხრეთ ნაპირი დაჭაობებულია. დეკემბრიდან მარტამდე ყინულითაა დაფარული. ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი. წითელი წიგნის მონაცემებით ტბაში კალმახიც გვხვდება. ადგილი წარმოადგენს ტურისტულ-რეკრეაციულ ზონას, სადაც საკმაო რაოდენობის ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს.
გთავაზობთ ვიდეო რგოლს და ფოტოკოლაჟს:




