ინფორმაცია ქართული ტყის გასაჭირის შესახებ არავისთვის არაა ახალი თუმცა, იშვიათად თუ ვინმე აცნობიერებდეს ტყის რეალურ მნიშვნელობას, ან მის უკონტროლო გაჩეხვიდან მოტანილ ზარალს.
საქართველოში ტყე ქვეყნის საერთო ტერიტორიის 38.2%-ს მოიცავს. ტყის 95-98% ბუნებრივი წარმოშობისაა და თითქმის მთლიანად (97.7%) მთის ფერდობებზეა განფენილი.
ტყეების დიდი მასივები 35 გრადუსზე მეტი დახრილობისაა, სადაც დღევანდელი კანონმდებლობით ჭრა დაუშვებელია და სწორედ 25 გრადუსიდან 35 გრადუსამდე ჭრის დაკანონებამ მეწყერების და ზვავებს ჩამოწოლის დამატებითი საფრთხე გამოიწვია.
ტყის გაკაფვას მოსდევს წყაროების და ჭების დაშრობა, ხოლო წვიმას ღვარცოფი. პირველად ტყეს (60-100 წელი) შეუძლია წვიმის წყლის შეკავება. მხოლოდ ერთ ზრდასრულ ხეს 120 ლიტრამდე წყლის შეკავება შეუძლია შესაბამისად, მოსული ნალექი ერთდროულად არ ხვდება მდინარის აუზში და არც წყალდიდობა-ღვარცოფს არ იწვევს. საქმე სხვაგვარადაა გაჩეხილი ან მეორადი ტყის შემთხვევაში, წვიმის დროს ვეღარ ხდება ნალექის შეკავება და მთელი მასა უმოკლეს დროში თავს იყრს წყალშემკრებ აუზში, რაც შემდგომში ხდება ბუნებრივი კატაკლიზმების (ნაპირების გარეცხვა, ღვარცოფი, სახნავ-სათესი მიწების და სამოსახლკარო ნაკვეთების დატბორვა-მოსილვა ხიდების დანგრევა და ა.შ.) მაპროვოცირებელი.
სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებამდე სწორად ყოფილიყო მიტანილი ქართული ტყეების პრობლემა, – არასამთავრობო ორგანიზაცია ,,CENN”-მა არსებული მდგომარეობის საილუსტრაციოდ მდინარე თურდოს ხეობაში პრეს ტური მოაწყო ქართველი ჟურნალისტებისტვის.
სულ რაღაც 2.5 კილომეტრის რადიუსში მდინარე თურდოს აუზში თავმოყრილია 20-მდე სანახშირე, საიდანაც მხოლოდ ერთია ლიცენზირებული, გამოყოფილია 25-მდე ტყეკაფი, საიდანაც უმეტესობა 35%-იან და მეტი დახრილობის ლანდშაფტზეა. მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ ქანები აგებულია არამდგრადი თიხნარი და ქვიშნარი ფენებისგან.
პრობლემურია ხის ნარჩენი ტოტის გატანის საკითხიც, ლიცენზიანტს ურჩევნია მსხვილი მორები წაიღოს, ხოლო ტოტებს ადგილზე ტოვებს. რომც გამოჩნდეს მისი წაღების მსურველი, აქ უკვე კანონმდებლობა ქმნის პრობლემას, მსგავსი მასალის ათვისებისთვის ხელახლა უნდა გაიცეს ნებართვა, რაც მომხმარებელს ნარჩენი ტოტის გამოტანის სურვილს უკარგავს.
ტყის მართვის ერთიანი ეროვნული პოლიტიკის გატარებას ხელს ისიც უშლის, რომ საქართველოს ტყეები არ არის სრულად აღწერილი და ეს გარემოება ერთერთი ხელისშემშლელია სრული სურათის დასანახად, საქართველოს ტყეების მდგომარეობის შესაფასებლად და მდგრადი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.