
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს ორ ძირითად ეტაპს:
1) ბიზნესიდეების წარდგენა, რომელიც 2017 წლის 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ ბიზნესიდეის განაცხადი ონლაინ ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge რის შემდეგაც მოხდება საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორების გამოვლენა. გამარჯვებულებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი მეწარმეობის შესახებ, რომელიც მოიცავს ბიზნესგეგმის მომზადების საკითხებსაც;
2) შემდგომი ეტაპი ბიზნესგეგმის წარდგენას მოიცავს, სადაც მონაწილეებმა განაცხადი ისევ ვებგვერდზე: www.qartuli.ge უნდა შეავსონ, რის შემდეგაც გამოვლინდებიან საუკეთესო ბიზნესგეგმების ავტორები. სწორედ ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას და ჩაუტარდებათ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტრეინინგები.
დაფინანსების მექანიზმი შემდეგნაირია:
ერთი მეწარმე სუბიექტი | თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა | 5 000 ლარი |
ორი მეწარმე სუბიექტი | თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა | 10 000 ლარი |
სამი მეწარმე სუბიექტი | თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა | 15 000 ლარი |
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, თუ ის აკმაყოფილებს შემდგომ კრიტერიუმებს:
- არის საქართველოს სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) მოქალაქე;
- არ არის საჯარო მოხელე;
- არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე;
- კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20%-იან თანხობრივ თანამონაწილეობას; მზად არის ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა.