გორის საფეხბურთო კლუბი “დილა” აუქციონზე გაიყიდება. შესაბამისი დადგენილება გორის საკრებულოს დეპუტატებმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
აუქციონზე “დილას” საწყისი ფასი 312 850 ლარი იქნება. გარდა ამისა, მისმა მყიდველმა კლუბის დავალიანება, დაახლოებით 750 ათასი ლარი უნდა დაფაროს და წლის ბოლომდე კლუბში 600 ათასი ლარის ღირებულების ინვესტიციაც უნდა განახორციელოს.
გორის “დილა” გორის მერიის ბალანსზე იმყოფებოდა. კლუბს მერია წელიწადში დაახლოებით მილიონ-ნახევარი ლარით აფინანსებდა. გორის “დილას” გაყიდვის ინიციატივა გორის მერიას ეკუთვნის.