პროექტის ფარგლებში გაიხსნა ორი დღის ცენტრი: ქ. გორში, სუხიშვილების 63 ნომერში იგპ ასოციაცია ,,თანხმობის“ გორის ფილიალში და მეორე ცენტრი გახსნილია დაბა კაზრეთში. ხანდაზმულთა ცენტრში, საპენსიო ასაკის ადამიანებთან მუშაობს ფსიქოლოგი, სოც.მუშაკი, ექთანი,ასევე, ხანდაზმულებს შეუძლიათ ისარგებლონ ბიბლიოთეკით,გაეცნონ პრესას, ითამაშონ სხვადასხვა სამაგიდო თამაშები. დაგეგმილია სახელობო კურსების გახსნა, ხანდაზმულთა ინტერესების გათვალისწინებით.
ასევე, პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის 6 სოფელსა და ქვემო ქართლის 5 სოფელში მიმდინარეობს მარტოხელა და/ან მარტოდ მცხოვრები ხანდაზმულების მხარდაჭერა, რაც გამოიხატება შემდეგში: პროექტში ჩართული მოხალისეები (ხშირ შემთხვევაში ხანდაზმულების მეზობლები) მარტოხელა/მარტოდ მცხოვრებ ხანდაზმულებს ეხმარებიან მოწესრიგებაში, სახლის დალაგებაში; მოხალისე უზომავს წნევას თუ უკეთებს ნემსს, ეგზავნება მაღაზიაში თუ აფთიაქში, ან უბრალოდ ესაუბრება მას,რაც ხშირ შემთხვევაში ყველაზე მეტად სჭირდებათ ხანდაზმულებს.
ამ ეტაპზე, შიდა ქართლში 30 ხანდაზმული სარგებლობს აღნიშნული სერვისით, სოფლებიდან-ზემო ნიქოზი, კოშკი და გუგუტიანთკარი, კნოლევი, ასევე, კარალეთის და შავშვების დევნილთა დასახლებები.
პროექტი -,,ღირსეული სიბერე“ მიზნად ისახავს, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოხუცებულთა ეფექტიანი მონაწილეობის ხელშეწყობას, მათ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვაზე ზრუნვას, მოხუცების უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფების შესაძლებლობების გაფართოვებას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ადგილობრივი მმართველობის პოტენციალის გაძლიერებას ხანდაზმულთა/მოხუცებულთა ზრუნვის მდგრადი მოდელის შესაქმნელად.
პროექტს „ღირსეული სიბერე“ ახორციელებს იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: მრავალეროვანი საქართველოს ქალები, სათემო ორგანიზაცია „განთიადი“, კავშირი „ქალთა ცენტრი“ და ბოლნისის ენის სახლი. პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ.
პროექტი 22 თვიანია.